myinvaruli formebi - trogi, myinvaruli xeoba

 

მყინვარის მიერ გამომუშავებული მაღალმთიანეთის ხეობა, რომელიც გამოირჩევა ვარცლისებრი მოხაზულობით (U-სებრი) და დამუშავებულია მყინვარის მიერ. ტროგული რელიეფი განეკუთვნება ძველი გამყინვარების რელიეფის ფორმებს, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ადგილას (გამყინვარების მხარეებში). ტროგი სხვა მყინვარულ ფორმებთან ერთად იქმნება მყინვარული ეროზიის - დახვნის შედეგად.

დამახასიათებელია ფართო ძირი და ციცაბო ფერდობები. წარმოადგენს მთის ხეობას, რომელშიც მოძრაობდა მყინვარი და რომელმაც გამოიმუშავა ალუვიური ტერასები და ბრტყელი კალაპოტი. ხშირად ჩაკეტილია მყინვარული ცირკებითა და მორენებით. იქ, სადაც მყინვარი აღწევს ან აღწევდა ზღვის დონეს ტროგული ხეობა გრძელდება ფიორდის სახით, რომელიც თავის მხრივ, ზღვითაა დაძირული. ტიპური ტროგული ხეობები ფართოდ არის გავრცელებული ალპებსა და კავკასიაში. შუა აზიაში ტროგი სუსტად არის გამოხატული. აქ, მყინვარების გიგანტური ზომების მიუხედავად, რელიეფში მთავარი ადგილი მაინც გადარეცხვის ეროზიულ ფორმებს უკავია. სხვა მყინვარულ ფორმებთან ერთად ტროგი ეგზარაციის შედეგია. ყველაზე დიდი ტროგები სიგრძით რამდენიმე ასეულ კმ-ს აღწევს.

საქართველოში ტროგული ფორმები საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით კავკასიონის მთავარი ქედის მაღალმთიან ქედებზე: გაგრის, ბზიფის, კოდორის, ლეჩხუმის, გერმუხის, ქართლისა და სხვა ქედებზე. მცირე ტროგები გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც.